English / ქართული / русский /
ხათუნა ბერიშვილი
ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც კოლექტივიზმის შერბილებული ფორმა

ანოტაცია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის მიხედვით ორგანიზაციები ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს და პასუხისმგებელნი არიან თავიანთი საქმიანობის გავლენაზე ფირმებსა და საჯარო სფეროს სხვა დაინტერესებულ მხარეებზე. ეს ვალდებულება სცილდება კანონით დადგენილ ნორმებს და მოიცავს ორგანიზაციებს,რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ დამატებით ვალდებულებებს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობის საგანია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის ძლიერ ბიზნესსაფუძველს, რადგანაც კორპორაციები ღებულობენ დამატებით სარგებელს უფრო ფართო და გრძელვადიან პერსპექტივაზე  ორიენტაციისაგან, ვიდრე მათი უშუალო მოკლევადიანი მოგებისგან. ამ მიდგომის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ამცირებს ბიზნესის ფუნდამენტურ ეკონომიკურ როლს და წარმოადგენს მთავრობის სუსტი სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი ჩანაცვლების მცდელობას.  სტატიაში გაანალიზებულია ამ კონცეფციის წინააღმდეგობრივი ხასიათი და როლი საზოგადოებრივი განვითარების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობა, კონცეფცია, წინააღმდეგობები, კოლექტივიზმის შერბილებული ფორმა. 

ბიზნესის ,,სოციალური  პასუხისმგებლობის’’ კონცეფცია – ეს არის  მეწარმეობის ისტო­რიის  შედარებით  ახალი ფურცელი. ამასთან, როგორ შეიძლება  ბიზნესი არ იყოს    სოცია­ლუ­რად  პასუხისმგებელი?  განა  მას  საფუძვლად არ უდევს სწრაფვა  საზოგადოების საკეთილ­დღეოდ აწარმოოს საქონელი და მომსახურება, აგრეთვე უზრუნველყოს  მოსახლეობის დასაქმება? მოგებისათვის ,, ამორალურმა’’ სწრაფვამ  და ბიზნესის ,,დეჰუმა­ნიზაციამ’’   მიგვიყვანა   ბაზრის ყველა მონაწილის არასასურველ ზარალამდე.

,,ბიზნესმენების მიერ გამოთქმული მოსაზრებები სოციალური პასუხისმგებლობის შე­სახებ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში   მათთვის პრესტი­ჟუ­ლი იყოს, მაგრამ ეს საშუალებას იძლევა გამყარდეს ამის გარეშეც პრევალირებული, გადაჭარბებული მოსაზრება, რომ მხოლოდ მოგებისათვის  ზრუნვა არის ბინძური და ამორალური საქმე, საჭიროა მისი შეჩერება და გაკონტროლება გარე ძალების  მიერ’’  − მიიჩნევს  ოლაფ გერზემანი [18.გვ.34].

სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა გახდა მრავალი თანამედროვე კომპანიის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და იგი ძირეულად ცვლის კორპორაციების როლს საბაზრო ეკონომიკაში. იმის მიუხედავადაც კი, რომ კაპიტალიზმი  აღ­მოჩნდა წარმატებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა პრაქტიკაში, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეალის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უმეტეს შემთხ­ვევაში მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია. კორპორაციული სოციალური პასუ­ხისმ­გებლობის იდეები ასახავენ  საზოგადოების მისწრაფებას, კაპიტალიზმის ჰუმანიზაციისა და სოციალურად სამართლიანობის  მიმართულებით. კომპანიის მენეჯერებს, რომლებიც თავს აცხადებენ სოციალურად პასუხისმგებელ პირებად,  ნაკლებად გააჩნიათ იმისი განჭვრეტის უნარი, თუ როგორ შეიძლება   სამყარო მეტად ჰუმანიზებული გახდეს,  ამასთან ისინი ხელს უწყობენ თავისუფალი სა­ბაზ­რო ეკონომიკის იდეალის საზოგადოებრივ მხარდაჭერას.  თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან, აღწერილია აინ რენდის წიგნში, სადაც ავტორი მიუთითებს: ,,ჩვენ შევქმენით მსოფლიოს სიმდიდრე, მაგრამ საშუალება მივეცით მოწინააღმდეგეებს დაეწერათ მისთვის მორალური კოდექსი. ჩვენ შევუნარჩუნეთ  სიცოცხლე კაცობრიობას, მაგრამ ნება მივეცით ხალხს ვძულდეთ და პატივი სცენ მათ, ვინც ჩვენ თავს გვესხმის. ამით მივიღეთ   სასჯელი არა  ცოდვებისათვის, არამედ   სიკეთისათვის.’’ [15.გვ.41].

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში როგორც აშშ–ში, ისე ევროპაში შეიმჩნევა კორპორა­ციული მოგების სტაბილურად ზრდის ტენდენცია. თავისთავად ეს  პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ვლინდება, რომ მოგების ზრდის ტემპი უსწრებს თანამშრომელთა ხელფასების ზრდის ტემპს, რის შედეგადაც   მოგების წილი მშპ-ში იზრდება, ხოლო ხელ­ფასები  მცირდება. ბუნებრივია, რომ ასეთი ტენდენცია  იწვევს საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას. ასე, მაგალითად, საფრანგეთის სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი სეგოლენ რუალი იმის მომხრეა, რომ  უზომოდ დიდ მოგებებზე შემოღებული იქნეს განსაკუთრებული გადასახადი [14.გვ.61], ხოლო  ევროკავშირის   ფინანსთა მინისტრები    მოუწოდებდნენ ,,მოგების ზრდის სამართლიანი განაწილებისაკენ’’ [19.გვ.35].

ამრიგად,  მოგების  ზრდის მდგრადი ტემპები, სავარაუდოდ, ბიზნესმენებისათვის გახ­დება  ის წინაღობა, რომელსაც ორი  შედეგი აქვს.  საბოლო ჯამში კომპანიების  მეპატრონეები ვერ გაექცევიან საზოგადოების  ნეგატიურ რეაქციას თავიანთ ეკო­ნომიკურ წარმატებებზე. პოლიტიკოსებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან ზეწოლა გამოიწვევს კომპანიების მხრიდან ,,სოციალური პასუხისმგებლობის’’ ზრდას.

იმის მიხედვით, თუ რა ინტენსიურობით აქცევს მასმედია ამ საკითხს ყურადღებას, შეიძ­ლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კორპორაციულმა სოციალურმა პასუხისმგებლობამ  ძალა მოიკ­რიბა XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლო პერიოდიდან, ხოლო შემდეგი წლების განმავლობაში  მისი მასშტაბები შენელდა. მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი საჭიროდ თვლიდა,   დაეგმო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია    1962 წელს გამოცემულ  წიგნში ,,კაპიტალიზმი და თავისუფლება’’. 1970 წელს მან დაწერა მთელი ესსე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა The New York Times Magazine-ში  [13.გვ.41].  თუ ფრიდმანმა ძლიერი გავლენა იქონია ეკონომიკური, ფინანსური ან ფულადი პოლიტიკის საკითხებში  დისკუსიის  მსვლელობაზე, მან ვერ მოახდინა გავლენა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემის ირგვლივ ხალხის უმეტესობის  წარმოდგენაზე. 

ცხადია ის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  კონცეფცია  ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში.   მიუხედავად იმისა, რომ ის  პოპულარობით სარგებლობს,  მისი თეორიულ-მეთოდოლოგიური შინაარსი ბუნდოვანია. ისიც კი გაუგებარია, თუ რას შეიცავს სოციალურად პასუ­ხისმ­გებ­ლური ქცევა. გარდა ამისა, გარკვეულ პერიოდებში სოციალურად პასუხისმგებლური ქცევის გან­მარტებებიც იცვლება.  ჯერ კიდევ  60-იან წლებში აშშ-ში  ხალხის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ითვალისწინებს იმას, რომ კომპანიის ხელმძღვანელები თავს იკავებენ ფასების ზრდისგან, რათა აკონტროლონ ინფლაცია. ამჟამად კი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ასეთი გაგება,    შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს.

ლოგიკურად იბადება კითხვა: გადასახადების გადამხდელმა კორპორაციამ, რომელიც   მოქმედებს კანო­ნის ფარგლებში და ხელმძღვანელობს იმავე ეთიკური ნორმებით, რითაც მთლიანად საზოგადოება, რატომ უნდა იკისროს დამატებითი  ვალდებულებები მესამე პირების მიმართ?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ დაეხმარება კორპორა­ციებს გახდნენ უფრო ეფექტიანები, ნებისმიერი კორ­პორაცია ხომ ისედაც არის სოციალურად პასუხისმგებელი თუნდაც იმ  თვალსაზრისით, რომ ის საზოგადოებას ემსახურება,  რადგან აწარმოებს საქონელს და მომსახურებას,  ხელს უწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.  თუნდაც გარემოს დაცვა ან სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, ასე თუ ისე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებია, ორიენტირებული სამყაროს გაუმჯობესებისაკენ.    თუ სერიოზულად აღვიქვამთ კორ­პო­რაციული მოქალაქის სტატუსს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ იგი კარდინალურად ცვლის იმ როლს,  რომელსაც ასრუ­ლებენ კერძო კომპანიები საბაზრო ეკონომიკაში.

 კომპანიის მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოებას, რომელთა დახმარებითაც ისინი გამდიდრდნენ, უნდა ,,მისცენ’’ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ გადასახადებია. კერძო მესაკუთრეს შეუძლია ქველმოქმედების სახით გადასცეს განსაზღვრული თანხა ადგილობრივ ეკლესიას ან ბუნებისდამცველთა   საზოგადოებას. აგრეთვე  მდიდარ მეწარმეებს შეუძლიათ ფონდების დაარსება, რომლებიც თავისი კომპანიების მოგების ნაწილს დახარჯავენ სოციალური, ეკოლოგიური და სხვა მიზნებისათვის, რაშიც გამოვლინდება ,,შეძლებული ხალხის სოციალური პა­სუ­ხისმგებლობა’’, თუმცა მეცენატობა არ წარმოადგენს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.

  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიებს შეიმუ­შავებენ მსხვილი კორპორაციები,   ამასთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც,  კორპორაციული გადასახადების გარდა, დამატებითი დატ­ვირთვა,   რომელიც იწვევს დანახარჯების ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დანახარჯების ნაწილის დაკისრება მუშაკებზე (ხელფასების შემცირების გზით) ან მომხმა­რებ­ლებზე (ფასების ზრდით). ამდენად, ამ კონცეფციის ეკონომიკური ბუნება წინააღმდეგობრივი ხასიათის ხდება.

  ამ კონტექსტიდან გამომდინარე სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინას შეიძლება დავარქვათ მოგების მაქსიმიზაციაში დაინტერესებული მმართველების რაციონალური გადაწყვეტილება. ბიზნესეთიკის პროფესორი დე­ვიდ ვოგელი, რომელმაც  შეისწავლა სოციალურ დანახარჯებსა და კორპორაციულ შე­მოსავლებს შორის ურთიერთკავშირის ემპირიული მონაცემები,  მიიჩნევს რომ ,,ძირითადი დასკვნა სოციალური პასუხისმგებლობის  სარგებლიანობის შესახებ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო’’ [7,გვ 29].

 დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა გულისხმობს, რომ მენეჯერები არა მარტო აცნობიერებენ, თუ რა პრობლემები უნდა გადაიჭრას სამყაროს გასაუმჯობესებლად, არამედ იციან კიდეც, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, თუმცა  ეს უკიდურესად გაბედული, თამამი დაშვებაა. ბოლოს და ბოლოს, მენეჯერები არიან პროფესიონალები კომპანიის მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით ფულის გამომუშავების   და არა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. მით უმეტეს, რომ ამ სფეროს ექსპერ­ტებიც როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ახლოსაც არ არიან იმის ერთიან გაგებასთან, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო უკეთესი.

XX  საუკუნეში გამოაშკარავდა კოლექტივიზმის ექსტრემალური ფორმები, თუმცა სულაც არ მოისპო კოლექტივისტური ტენდენციები: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონ­ცეფცია სხვა არაფერია, თუ არა სწორედ კოლექტივიზმის რბილი ფორმა. 

დასკვნა

ბიზნესის ,,სოციალური  პასუხისმგებლობის’’ კონცეფცია – ეს არის  მეწარმეობის ისტო­რიის  შედარებით  ახალი ფურცელი.  სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა გახდა მრავალი თანამედროვე კომპანიის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და იგი ძირეულად ცვლის კორპორაციების როლს საბაზრო ეკონომიკაში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში  განიხილება ეკოლოგიური პრობლემები და სიღარიბის შემცირება,  რაც მიზნად ისახავს უკეთესი სამყაროს მიღწევას.  

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა გულისხმობს, რომ  მენეჯერები არა მარტო აცნობიერებენ, თუ რა პრობლემები უნდა გადაიჭრას სამყაროს   გასაუმჯობესებლად, არამედ იციან კიდეც, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, თუმცა  ეს უკიდურესად გაბედული, თამამი დაშვებაა. ბოლოს და ბოლოს, მენეჯერები არიან პროფესიონალები კომპანიის მართვის გზით ფულის გამომუშავების   და არა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. მით უმეტეს, რომ ამ სფეროს ექსპერ­ტებს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,   გააზრებული და განსაზღვრულიც არა აქვთ ერთიანად იმის გაგება, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო უკეთესი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბერიშვილი   ხ., 2018   ,,საერთაშორისო      ბიზნესის   ეთიკა და   სოციალური პასუხისმგებლობა.   თბ, გამომც.,,უნივერსალი’’ .
  2. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (2018), „თბილისის მსხვილი ბიზნესი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ (დამოკიდებულება და არსებული გამოცდილება), თბილისი.
  3. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი (CDCS) (2017), „სოციალური ინტეგრაციის ახალი სტრატეგია“, გამომცემელი საქართველოში ევროპის საბჭოს  საინფორმაციო ბიურო გვ. 8.
  4. ხოფერია ლ. (2018), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ , თბილისი.
  5. მენეჯმენტი, VI გამოცემა / სტივენ რობინსი, მერი კოულტერი/ გამომცემლობა “ვილიამსი“ 2004.
  6. Berishvili Kh. (2018) Conception of corpoerative social responsibility: problems and  evaluation. Batumi, BSU, p.12-28.
  7. Berishvili Kh. (2017) Condradictory character of the process of liberalization and integration ofeconomic relations and influence of this process on the countries with small economi. 6th Business & Management Conference, Geneva, p. 3-10.
  8. Berishvili   Kh. (2017)   Identification of integration processes in Conditions Economic Turbulance and Their Use in development of The Countries With Small Economi. Ecoforum Journal, Volume 6, Issue 2, pp.108-115.
  9. Berishvili Kh. (2014) Possibilities for Mastering The Foreign Trade Potentials In Georgia. Georgian International Journal of Science, Technology and Medicine 6 (4), 277 .
  10.  Berishvili   Kh. (2014) Liberalization of Economy and Possibilities of Development of Foreign Trade Potential in Georgia. Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University pp. 124-129.
  11. Berishvili  Kh. (2013) Globalization end Georgia’s Integration Into World Economic Space. Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University pp.125-128.
  12. Business For Social Responsibility Education Fund, “Guide to Engaging with NGOs”, United States  San
  13. Bhattacharya, C.B., Sankar Sen and Daniel Korschun (2008), "Using Corporate Social Responsibility to Win the War for Talent," MIT Sloan Management Review, 49 (2), 37-44; 
  14. Gray, Fr.  R.H D.L.Owen & K.T.Maunders, Corporate Social Reporting: Accounting and accountability (Hemel Hempstead: Prentice Hall, 1987) p. IX.ancisco , 2001, 9-10 pp. )
  15. Habisch André Corporate Social Responsibility across the Europe — Heidelberg: Springer, 2005. 
  16. Kytle, Beth; paramveer singh Corporate Social Responsibility as Risk Management: A Model for Multinationals (PDF). Social Responsibility Initiative Working Paper No. 10.. Cambridge, MA: John F. Kennedy School of Government, Harvard University (2005).
  17.  Lauer R. "Defining Social Problems: Public and Professional Perspectives" ,  Oxford University Press, 1976 , 122 p.
  18. Williams Cynthia A. Corporate Social Responsibility in a Comparative Perspective // The Oxford Handbook of Corporate Social Responsibility / Crane, A., et.al. — Oxford: Oxford University Press, 2008. 
  19. Orlitzky, Marc; Frank L. Schmidt, Sara L. Rynes (2003). «Corporate Social and Financial Performance: A Meta-analysis» (PDF). Organization Studies 24 (3): 403–441. 
  20. Stoun R.Culture of corporation. London, 2016
  21. Shengelia T. (2017) The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system. Universal, Tbilisi. ISBN 9789941175986.
  22. Shengelia  T.  (2014)  Business  Aticiphobia  and  the  Terms  For  Overcaming  in  Georgia.    Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 4,  Nova Science Publishers, Inc. PP. 331-337.
  23.  Shengelia  T.,  Berishvili  Kh.  (2014).  The  Role  of  Institutional  Reforms  in  the  Improvement  of  the Georgian Investment Environment. Journal of Social Sciences, Volume 3,  Issue 2, International Institute of Social and Economic Sciences. PP. 81-87.
  24.  Shengelia T., Berishvili Kh. (2014). Evaluation of the Global Position of Georgia and its Role In the Development of Business. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 1, Nova Science Publishers, Inc. PP. 57-65.
  25. Shengelia  T.,  Berishvili  Kh.  (2013).  Globalization  and  Place  of  Georgia  in  International  Business. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 5, Issue 3/4, Nova Science Publishers, Inc. PP. 229-238.